1732386875
რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა
დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.
ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგა და იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გატარდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია. გასული წლების განმავლობაში გატარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები გენდერული კუთხით ჩვენი მიდგომის საუკეთესო ილუსტრაციაა. ჩვენი პოლიტიკა ემყარება 4 პრინციპს: ძალადობის თავიდან აცილება, მსხვერპლთა დაცვა, ეფექტური გამოძიება და უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ყველა ეს მიმართულება სრულყოფილად არის ასახული სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების მეორე ეროვნულ სტრატეგიასა და თემატურ სამოქმედო გეგმებში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.
დუბლინის კონფერენციის ფარგლებში ოჯახში, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის შესახებ დეკლარაციას მიიღებენ. დეკლარაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააძლიერონ ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული მექანიზმები; ყურადღება გაამახვილონ მოძალადეთა რეაბილიტაციასა და ძალადობრივი ქცევის კორექციაზე, ასევე, მოუწოდებენ სახელმწიფოებს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისკენ.