ქარიშხალი ბარსელონაში - დატბორილია გზები, შეფერხებულია მატარებლების მოძრაობა და ავიარეისები
1730732603
„სასამართლო ეთანხმება მთავრობის არგუმენტს, რომ სამართალდამცველები ელოდნენ მაჩალიკაშვილის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას, განსაკუთრებით, 2017 წლის 21-22 ნოემბრის ოპერაციის გათვალისწინებით“, - ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ აპირებდნენ მაჩალიკაშვილის დაკავებას, არაფრით დასტურდება.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებას, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მკაცრად რეგულირებულია ეროვნული კანონმდებლობით.
„26-ე მუხლის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი შესაძლებელია გამოყენებული იქნას თავდაცვის დროს ან უკიდურესი აუცილებლობის დროს“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ "არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა".
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.