1750402427
საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში დღეს კიდევ ორი პირი გამოიკითხება

საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს სოფელ ჩორჩანის მკვიდრი მალხაზ ლომიძე და სოფელ წაღვლის მცხოვრები - თამაზ ლომიძე არიან დაბარებული.
საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ გამოიკვეთა მძიმე გადაცდომები, რამაც ოკუპირებული ქვეყნის მიწების დაკარგვა გამოიწვია. მათივე თქმით, გიორგი გახარიას მიმართ უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს საქმის ესკალაციასთან დაკავშირებით, რასაც უახლოეს მომავალში პასუხი გაეცემა.
„როგორც იცით, რამდენიმე დაკითხვა განახორციელა პროკურატურამ, მათ შორის მაშინდელი საჯარო მოხელეების და მაღალჩინოსნების. ყველაფერს მხოლოდ გამოძიება გასცემს პასუხს. დაახლოებით ერთი მილიონი კვადრატი მიწა დაკარგა ჩვენ ქვეყანამ. იქ იყო საძოვრები, ტყე, რითაც ჩვენი თანამოქალაქეები ვეღარ სარგებლობენ“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.