ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დაშავებულია 11 ბავშვი
1742632610
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ სუბიექტურ და ცრუ ინფორმაციას, რომელიც თითქოსდა უკანონო ფარულ მოსმენებს ეხება. კონკრეტულმა მედიასაშუალებამ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ სიუჟეტში გასულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე იყო ჩატარებული, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ ყველა ეს მოქმედება კანონიერია, არაერთხელ გააჟღერა განზრახ ყალბი ინფორმაცია პროკურატურის მხრიდან უკანონო მოსმენების განხორციელების თაობაზე, რაც ხაზს უსვამს მათ ქმედებაში ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციის მიზანს. აქვე, ხაზგასმით ვაცხადებთ და საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებები - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა“ და „ფარული ვიდეოჩაწერა და აუდიოჩაწერა“ საქართველოს პროკურატურაში 2017 წელს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
კერძოდ, 2017 წლის 21 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადება, რომლის თანახმადაც, მას კონკრეტული პირები თანხის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების გზით, პატიმრობიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სრული და ობიექტური გამოძიების წარმართვის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია, ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შესაძლო დანაშაულთან კავშირში მყოფი მქონე პირების მიმართ ჩატარებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა“ და „ფარული ვიდეოჩაწერა და აუდიოჩაწერა“. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის სამმა წევრმა პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულს და მის ახლო ნათესავს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარისთვის ზვიად ქორიძისთვის შეწყალებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით გადასაცემად მოსთხოვეს 20 000 ლარი, რის შემდეგაც მათ მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ზვიად ქორიძისთვის გადასაცემად აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 12 000 ლარი. აღნიშნული თანხის მოთხოვნა და თანხის გადაცემა, ასევე დაფიქსირებული იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, ფარული ვიდეო-აუდიო გადაღების გზით. მიუხედავად მათი არაერთი დაპირებისა, მსჯავრდებულის შეწყალება არ მომხდარა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის სახელს და მასთან ნაცნობობას დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იყენებდნენ. ამასთან, გამოძიების შედეგად მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრსა და შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს შორის შედგა სატელეფონო კომუნიკაციაც.
ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების წარმოებისა და ყველა საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ასევე ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რის შესახებაც მას ეცნობა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის და ვადის დაცვით. ასევე, გამოძიების ფარგლებში, ამავე საქმეზე მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა.
გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის სამივე წევრს ბრალდება წარუდგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. რაც შეეხება აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას, სრულად დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ორი ბრალდებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს, ხოლო მესამე ბრალდებული სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა. ასევე, ამავე გამოძიების ფარგლებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის მიმართ, რის შესახებაც მას ეცნობა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მედიასაშუალება ინფორმირებული იყო აღნიშნულთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დამახინჯებული ფაქტებით გაჯერებულ და სუბიექტურ ინფორმაციას ავრცელებს, რაც მათი მხრიდან წარმოადგენს მორიგ მცდელობას შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს კორუფციის პრევენცია, გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მკაცრი მიდგომები ხორციელდება კორუფციული დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ, რაც მომავალშიც გაგრძელდება. მოვუწოდებთ ხსენებულ მედიასაშუალებას, უარყოს მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია უკანონო მოსმენების განხორციელების თაობაზე და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია.