პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმში "საქართველოს ბანკის" ფილიალის ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბაქარ მჟავანაძეს, რომელიც ორი დღის წინ საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული შეიჭრა და თანხის სანაცვლოდ მძევლების აყვანა სცადა 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თავად დაკავებულმა, ბაქარ მჟავანაძემ, კითხვას - აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალს, მის მიერ პროცესზე გაკეთებული განაცხადის მიხედვით, ის ბრალს არ აღიარებს. დაკავებული ამბობს, რომ ეს არის აბსურდული და თითიდან გამოწოვილი ბრალდება. მას სასამართლოზე სურდა ვრცელი განმარტების გაკეთება, თუმცა მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა და განუმარტა, რომ დღეს სასამართლო განიხილავდა მხოლოდ და მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას და დღეს არ მოხდებოდა ბრალის შინაარსის განხილვა.
"თავდაპირველი კომუნიკაცია ვერ შედგა ჩემსა და ბრალდებულს შორის და ეს კომუნიკაცია შედგება, როდესაც მე ქუთაისი საპყრობილეში მას ვნახავ და მთლიანად ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია ამის თაობაზე. საქმის მასალებით თანამშრომლობის ნიშნები არის, მაგრამ როგორც მოისმინეთ სასამართლოზე, ამბობს, რომ ბრალდება არის აბსურდული," – აცხადებს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.
პროკურორის განმარტებით, სასამართლომ დღეს გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოზიციაც, რომ არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის თუ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.
"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოზიცია, რომ არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები და ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებებით ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, კერძოდ ყაჩაღობა," - ამბობს პროკურორი სოსო გოგეშვილი.