დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც სუპერმარკეტიდან სეიფის გატაცება ედებათ ბრალად - რა თანხა ინახებოდა სეიფში

policiis lenti

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში სუპერმარკეტის დაყაჩაღების გამო წარსულში ნასამართლევი 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ ლიბრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.