საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის პროცესი გაიმართა, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან

მათე დევიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის პროცესი გაიმართა, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. კერძოდ კი, დროშის ტარით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სასამართლოს ჩვენება მისცა ორმა მოწმემ. მათგან ერთი, საქმის მთავარი გამომძიებელი, მეორე კი დაზარალებული პოლიციელია.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დავკითხეთ დაზარალებული ლევან კოდელაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, მას მოულოდნელად დაესხა თავს მათე დევიძე და თავდასხმა გამოხატული იყო ჯოხის დარტყმაში. ჯოხი დაარტყა მას ხელის მიდამოში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელზე აღენიშნებოდა ამის შედეგად სიწითლე. არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის, იმიტომ, რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა. დანაშაულის შემადგენლობას ეს მოქმედება, რა თქმა უნდა, ეს მოქმედება ქმნის, ამიტომ ეს პირი არის დაზარალებული", - აცხადებს პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.