საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა - საქმე ეხება სენაკის შუალედურ არჩევნებს. ორგანიზაცია კენჭისყრის გაუქმებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია საერთოდ არ შეკრებილა და ამ შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა. სასამართლომ არა საიას, არამედ ცესკოს არგუმენტები გაიზიარა.

"სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ გაუკეთებია, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. მხოლოდ ის ვიცით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდ.  აქედან გამომდინარე გვაქვს 2 დღიანი გასაჩივრების ვადა და აუცილებლად გამოვიყენებთ მას, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და ამის შემდგომ გვეცოდინება აღნიშნულ ფაქტზე საბოლოო შედეგი", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკა მაღედანი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა კახა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ სენაკის შუალედური არჩევნები საარჩევნო კოდექსის თანახმად ჩატარდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს შეუწყდება უფლებამოსილება, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში, შუალედურ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. იგივე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა კახა ნარეკლიშვილი.