საქალაქო სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობას საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული სამ პოლიციელს თავს დაესხა. მისივე თქმით, არსებობდა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

დაცვის მხარემ სასამართლოს 2 000-ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პროკურატურამ მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას პოლიციელებზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.