სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია, როდესაც არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს - პროკურორი

ამირან გულუაშვილი

სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია მაშინ, როდესაც ის არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად. მას ჩვენთან, ბრალდების მხარესთან არ უცდია კომუნიკაცია და მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ ფრაგმენტულად სისხლის სამართლის საქმის მასალები. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე შეფასდეს, აუცილებელია შემფასებელმა, სულ მცირე სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეშია მოცემული, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. 

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა. არის გარემოება, რომელშიც სახალხო დამცველს, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უნდა დავეთანხმოთ და ფაქტობრივად ჩვენს ანალოგიური სამართლებრივი შეფასებით წარვდექით სასამართლოს წინაშე. ისინი ამბობენ, რომ თუ არსებობს პირადი დაინტერესება და ამავდროულად არსებობს კომპანიისათვის ზიანის მიყენება, ეს სამართლებრივად დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენს მოცემულ შემთხვევაში თვალსაჩინოდ და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ მოხდა პირდაპირი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისათვის იმ განზრახვით, რომ ეს კომპანია გაკოტრებამდელ მდგომარეობამდე მიყვანილიყო“, - განაცხადა გულუაშვილმა.

სხვა სიახლეები