საგამოძიებო სამსახურმა თებერვლის თვეში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 5 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან  ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების საერთო ჯამში 19 147 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.