1732281553
სად და რით მოკლეს ცოლ-ქმარი - ფასანაურში ჩადენილი საზარელი დანაშაულის დეტალები
„კურიერმა" ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები გაარკვია. ცოლ-ქმარს ფასანაურში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს, რომელიც მანქანის ხელოსანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმესთან მხოლოდ ირიბი შემხებლობა აქვს, ამიტომ არ გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეეცვალოს.
"კურიერმა" იპოვა ადგილი, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლ-ქმარს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით იქვე მდებარე თხრილში მოათავსა.
"კურიერი" ესაუბრა თვითმხილველებს, რომლებიც შეესწრნენ თუ როგორ მუშაობდნენ ადგილზე სამართალდამცველები და როგორ გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში ცოლ-ქმრის ცხედარი.
ადგილი, სადაც სასტიკი დანაშაული მოხდა, მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უბანში, მიტოვებულ ადგილას. ადგილობრივების ცნობით, დამნაშავემ 35 000 დოლარი წაიღო.
მოკლულთა ოჯახი ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება. "კურიერი" ესაუბრა დიანა ბუჩუკურის დას, ქალი კონფლიქტის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, მისმა სიძემ და დამ სოლიდური თანხა გადარიცხეს იმის გამო, რომ რამდენიმე ავტომობილი შეეძინათ, თუმცა ადგილზე მისულებს მათ მანქანები უკვე აღარ დახვდათ.
„ინტერნეტში ნახა მანქანები. რამდენიმე მანქანა უნდა შეეძინა. სახეზეც ეტყობოდათ წამების კვალი, დანით არიან დახოცილები და შემდეგ ჭაში ჩაყარა და გადამალვის მიზნით ქვები დააყარა. ჩემს დას ძალიან ჰქონდა დაზიანებული სახე, ჩამტვრეული ჰქონდა ძვლები მთლიანად სახის," - ამბობს გარდაცვლილის და.
ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.