როგორ დაბრუნდა 19 წლის შემდეგ საქართველოში ლევან მამალაძე, რომელსაც 17 წელი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი

mamaladze

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე 19 წლის შემდეგ, საქართველოში 
პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლით ჩამოვიდა.

„მე სამშობლოში დავბრუნდი“, - უთხრა მამალაძემ „TV პირველს“.

რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მოდის, მაგრამ "პოლიტიკასთან იქნება".

„პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც მქონდა, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან“.

მიმდინარე წლის მარტში, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, მის ერთ-ერთ ავტორს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს ოპოზიციამ ჰკითხა, ამნისტია შეეხებოდა თუ არა ლევან მამალაძეს? სარჯველაძემ უპასუხა, რომ 2004 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 300-მდე ადამიანი, მათ შორის, შესაძლოა, ყოფილიყო მძიმე დანაშაულიც.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ამის გამო არ აპირებდა უკან დახევას, თუნდაც ამნისტია შეხებოდა ლევან მამალაძეს, რადგან საქმე 300 ადამიანს ეხებოდა.

ცნობისთვის, ლევან მამალაძეს 17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. მან 2020 წელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა.

მამალაძემ  ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ საქართველო დატოვა.

მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედებოდა და 2006 წელს, თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მანამდე, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ლევან მამალაძე, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გუნდში იყო, ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ ცნო, რასაც "ვარდების რევოლუცია" და ხელისუფლებიდან შევარდნაძის მშვიდობიანი განდევნა მოჰყვა.

არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.