პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ბასტი-ბუბუს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ვიღაც კრიმინალებს, ადრე დაურქმევიათ „კლიჩკად“ ბასტი და ბუბუ:
„ცოტა სასაცილო ამბავი! მოკლედ, ვიღაც კრიმინალებს ადრე დაურქმევიათ „კლიჩკად“ ბასტი და ბუბუ. ეს კრიმინალები ციხეში მოხვდნენ, მერე გამოვიდნენ და სახელმწიფო სექტორში დასაქმდნენ.
ახლა პოლიტიკური გადაცემები მსჯელობენ ამ ბასტიზე და ბუბუზე, რამდენად სწორია, მათი სახელმწიფო სექტორში დასაქმება. და რაც ყველაზე სასაცილოა, მათ მოიხსენიებენ „კლიჩკით“ ბასტი და ბუბუ.
ეს ამბავი, დიდ გაუგებრობას იწვევს და მიკავშირდებიან მე. მინდა დაგამშვიდოთ, კრიმინალური არაფერი ჩაგვიდენია არასდროს, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიაში კი ვმუშაობდით 15 წელი და სახელმწიფოს ვაჩუქეთ პირველი ქართული საბავშვო ბრენდი „ბასტი ბუბუ“.
ახლა კორონას მძიმე გავლენების გამო, ჩვენი ჯგუფიც გასაჭირშია და ვერ ახორციელებს იმ სამომავლო პროექტებს, რომელიც მთელი საქართველოს ბავშვებს სჭირდებათ. მთავრობის გადაწყვეტილებას კვლავ ველით.
აზრი გამიჩნდა, მთავრობასაც ხომ არ ჰგონია, რომ ჩვენ კრიმინალები ვართ?“ – წერს სხვიტარიძე.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა „ბასტი ბუბუს“ ხელმძღვანელს და გარკვეულ პრობლემებზე ექსკლუზიურად ესაუბრა:
მომავალ წელს, „ბასტი-ბუბუ“ 30 წლის ხდება და საიუბილეოდ, სულ ახალი თანამედროვე საიუბილეო პროექტებისთვის ვემზადებით, რომლებიც მთელი საქართველოს ბავშვებისთვის გვინდა.
ჯერ კიდევ ვერ შევდივართ ჩვენ შენობაში, სადაც პანდემიამდე ვიყავით და კეთილსინდისიერად ვიხდიდით ყველა გადასახადს. დაიწყო პანდემია, გაჩერდა სტუდია, გაჩერდა ჩვენი შემოსავალი და დაგვედო დიდი ვალი სახელმწიფოსი.
სახელმწიფო გვპირდება, რომ მალე გადაწყვეტს ჩვენს საკითხს და მოცდის რეჟიმში ვართ. ვერ მოიცალეს, მართლაც ცუდ დღეში არიან ამ პანდემიის გამო.
არ მიმაჩნია კორექტულად, ასეთ გასაჭირში კრიჭაში ჩავუდგეთ პრობლემებში მყოფ მთავრობას, უბრალოდ, კულტურულად მივმართავთ ყველა ინსტანციას.
10 000 ხელმომწერის სამთავრობო პეტიციაც შევასრულეთ. კორონას გამო დაკარგულ სილაღეს, ბავშვებს, ყველაზე კარგად „ბასტი-ბუბუ“ დაუბრუნებს – „ბასტი ბუბუ“ ქართული სიტყვაა და „ბავშვების ჟრიამულს“ ნიშნავს.