„რეანიმაციაშია და სიკვდილს ებრძვის...“ - კაცი, რომელმაც 14 წლის გოგო გააუპატიურა, კლინიკაშია მოთავსებული

ძალადობა ბავშვზე

ბიძამ 14 წლის გოგო გააუპატიურა - კახეთის ერთ-ერთ სოფელში, მგლოვიარე კაცმა 14 წლის გოგოზე ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში იძალადა. საზარელი დანაშაული 40-ის სუფრის სამზადისის დროს მოხდა. თუმცა მთავარი ისაა, რომ მსხვერპლი იმაზე მეტად ძლიერი და გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე ეს პედოფილ ბიძას წარმოედგინა - მან, მუქარის მიუხედავად, ყველაფერი დედას მოუყვა.

მოძალადეზე შური იძიეს. 45 წლის კაცი, გოგოს მეორე ბიძამ გულში, დანით დაჭრა - ის ახლა რეანიმაციაშია და სიკვდილს ებრძვის.

2 კვირის წინ, 14 წლის გოგონას მამიდა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში უფროსებმა ფერმა იმ მოტივით დატოვეს, რომ ერთ-ერთ სოფელში სამგლოვიარო სუფრას ამზადებდნენ. არასრულწლოვანი ბავშვები გარდაცვლილის მეუღლეს ჩააბარეს და სოფელში წავიდნენ. კაცმა, რომელსაც ოჯახის წევრები ენდნენ, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მასთან განმარტოების დროს იძალადა.

მოზარდის დახმარება ვერავინ შეძლო. დანაშაულის შემდეგ, ბიძა გაუპატიურებულ გოგონას დუმილს აიძულებდა, თუმცა ბავშვმა დედასთან დარეკვა და მომხდარის მოყოლა ძალადობიდან რამდენიმე წუთში მოახერხა. შურისძიების შიშით, მოძალადე ფერმიდან გაიქცა.

სანამ პოლიციას შეატყობინებდნენ, მსხვერპლი ბავშვის ნათესავებმა მოძალადე კაცი საკუთარი ძალებით მოძებნეს. ის მეზობელ სოფელში იმალებოდა. ბავშვის მეორე ბიძას, 35 წლის მამაკაცს, რომელიც გოგონას მამობილიც არის, დამნაშავემ გაუპატიურების ფაქტი დაუდასტურა, რის შემდეგაც მამობილმა მოძალადეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. პედოფილიაში მხილებული 45 წლის კაცი კლინიკაში მოხვდა, მსხვერპლი ბავშვის მამობილი კი, დააკავეს. მას მოძალადის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. "კურიერი პიესმა" დაკავებულის ჩვენების შინაარსი გაარკვია.

ბავშვის მამობილი სიღნაღის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი მისი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბავშვზე ძალადობაში მხილებულ 45 წლის კაცს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსიც აქვს.

მოძალადე ჯერ ისევ კლინიკაშია, ამ დრომდე კონტაქტური არ არის. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალს, სავარაუდოდ, მას შემდეგ წარუდგენენ, რაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მსხვერპლი ბავშვი ამ დრომდე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ბავშვმა ჩვენება უკვე მისცა და გამომძიებლებს დეტალები უამბო.

14 წლის გოგონას საქმე პედოფილიის მძიმე სტატისტიკაში ჩაიწერება. მომხდარის მისი გონებიდან წაშლას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.

სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა მძიმეა. მხოლოდ 2023 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში 412 ასეთი ფაქტი დარეგისტრირდა. სხვადასხვა სახის სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლს შორის არაერთი არასრულწლოვანიცაა.

სასჯელი მძიმეა. კახეთში მომხდარი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, 14 წლის გოგონას ბიძას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

„ხაჭაპურს გააჩნია სად მიირთმევთ, თორემ თბილისშიცაა ხაჭაპური 55 ლარად... ევროპაში ფასები მინიმუმ ორმაგია“ - რას წერს ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი

მომხდარში არავინ დამიდანაშაულებია. როცა ასეთი რამე გემართება არ უნდა დაეცე... - რა ისტორიას იხსენებს ნინო ლეჟავა