რას ამბობს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

dakaveba

ბათუმში "საქართველოს ბანკის" ფილიალის ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბაქარ მჟავანაძეს, რომელიც ორი დღის წინ "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული შეიჭრა და მძევლების აყვანა სცადა, 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დანაშაულს არ აღიარებს.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სურვილით ბაქარ მჟავანაძემ ნახევარსაათიან სხდომაზე სიტყვა ჯერ პროკურორს, შემდგომ თავის ადვოკატსა და მოსამართლეს რამდენჯერმე გააწყვეტინა. ყაჩაღობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული საბოლოოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. 33 წლის მამაკაცი წაყენებულ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ჩვენების მიცემის საშუალება ბრალდებულს საქმის არსებით განხილვაზე გადასვლის შემდეგ მიეცემა. მანამდე კი, მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის შუამდგომლობა, სრულად გაიზიარა. ნინო სახელაშვილიც მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, დანაშაულის გამეორების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება არსებობს.

დაცვის მხარე დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მანამდე კი, თავის მხრივ მოსამართლეს შუამდგომლობით დაკავებულის ადვოკატმაც მიმართა. დავით ჩავლეიშვილმა ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

დაკავებულის ადვოკატისგან განსხვავებით საკუთარ პოზიციაში უკვე ჩამოყალიბებულია საქმის პროკურორი. თორნიკე გოგეშვილი დარწმუნებულია, რომ მას ბაქარ მჟავანაძის ბრალეულობის დამტკიცება არ გაუჭირდება. დღესვე ირკვევა, რომ ბანკზე თავდასხმისას დაკავებულმა ე.წ. სასიგნალო იარაღიდან ისროლა.

საქმეში ამ დრომდე არ დევს დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება, ბანკის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომელზეც მომხდარის რეალური სურათი უნდა იყოს ასახული. გამოძიებას ვიდეო მასალა უკვე გამოთხოვილი აქვს და ის სისხლის სამართლის საქმეს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაემატება. ბრალი თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.