რას ამბობს კაცი, რომელიც კიკეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დააკავეს

კიკეთი

კიკეთში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული გელა ნიორაძე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს არ ეთანხმება. დაკავებულმა უკვე მისცა გამოძიებას ჩვენება. ის საუბრობს საკუთარი ვერსიის შესახებაც, რომლის მიხედვით, არა თავდამსხმელი, არამედ ის მსხვერპლია და თავს იცავდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა კიკეთში, ხოჯიკაშვილების ოჯახში 500 დოლარის გამო დაიწყო.

„დაიბარეს სალაპარაკოდ, ჩავიდა და მიაყენეს შეურაცხყოფა. გადაუგდეს მანქანის გასაღები და როდესაც ამ გასაღების ასაღებად დაბრუნდა ადგილზე, მაშინ მოხდა ეს ინციდენტი. თუ რა თანხაზეა საუბარი, დეტალები დაზუსტდება და გაირკვევა, პატარა თანხაზეა საუბარი.

მას არ ჰქონია ვინმეს მოკვლის განზრახვა, მაგრამ როგორც გითხარით, წინა პერიოდში მას და მის ოჯახის წევრს, შვილს,  მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თავდაცვის მიზნით ჰქონდა ეს იარაღი.

ფაქტი ერთია, რომ გელა ნიორაძე არ გაქცეულა, მომხდარის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს, ავიდა სახლში და ელოდებოდა იქ პოლიციას. მის ავტომობილს, რომელიც უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მისი მეუღლე მართავდა" - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულის მეუღლემ, რომელიც ასევე დაჭრილი იყო, კლინიკაში წაიყვანა შვილი, რომელიც დაზიანებული იყო, თუმცა ქალმა ვეღარ შეძლო ავტომობილის მართვა და უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა, სადაც შემდგომ სამართალდამცველები მივიდნენ და ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

გელა ნიორაძეს ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს, ან ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.