პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა, დღეს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა გარკვეულ ნაწილში, მათი შინაარსიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით უზუსტობა იყო გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან მიმართებით.
„თუმცა, ის ძირითადი გარემოებები, რაზეც დაზარალებული საუბრობდა, მათ დაადასტურეს. მაგალითად, ის, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა სთხოვა მათ ბასილაშვილების სახლიდან გარიდება, ის, რომ ბავშვი ტიროდა. ასევე, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ნელი დოროყაშვილი მანქანით მგზავრობის დროს 112-ში დარეკვას ცდილობდა. იქიდან გამომდინარე, რომ მომხდარიდან დიდი დრო არის გასული, მათ გარკვეული დეტალები ვერ გაიხსენეს. რაც შეეხება ჩვენების მიცემის სავარაუდო იძულებას, ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება პროკურატურის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეზობელმა ისაუბრა, თუმცა მას შემდეგ 2 წელია გასული და მსგავსი რამ არც გამოძიებისთვის და არც ნებისმიერი სხვა უწყებისთვის არ მიუწოდებია და მხოლოდ დღეს განაცხადა სასამართლოში, - განაცხადა თავხელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.