რა კავშირია გრიგოლ ლილუაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის - სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 4 ეპიზოდისგან შედგება

ლევან ხაბეიშვილი

23 დეკემბერი. 10 საათი და 45 წუთი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე მიდის. საგამოძიებო უწყება გრიგოლ ლილუაშვილს ჩვენების მისაცემად იბარებს, ეს მას შემდეგ, რაც მისი გარემოცვის წევრებს აკავებენ, ლილუაშვილის სახლში კი ჩხრეკა ტარდება.

გამოკითხვაზე მისული, პროკურატურიდან პატიმრის სტატუსით, ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მიჰყავთ - სუსის ყოფილ ხელმძღვანელს ხელბორკილს კორუფციისა და დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობის ბრალდებით ადებენ. 4 ეპიზოდი და კვალი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნამდე მივიდა, გენერალური პროკურორი საზოგადოებას გამოძიების დეტალებს აცნობს.

თაღლითური ქოლცენტრების მფარველობა და სიჩუმის სანაცვლოდ ოპოზიციის მედია საშუალებების დაფინანსება - გრიგოლ ლილუაშვილის საქმე ამ ეპიზოდსაც მოიცავს.

იყო თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის მოკავშირე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში? - გამოძიება ვერსიაზე მუშაობს, "ნეიტრალური საქართველო" კი სქემაზე საუბრობს. ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ქოლცენტრებიდან დაფინანსებული მედიებით, სუსის ყოფილ უფროსზე ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით კი, რეალური თაღლითური ქოლცენტრები ხელშეუხებელი რჩებოდა. "ნეიტრალური საქართველოს" წევრი წარსულს იხსნებებს, მაშინ, როცა ლილუაშვილმა ტელევიზიებს სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო. ნიკოლეიშვილის თქმით, გამარჯვების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მედიები ქოლცენტრების არასწორ მისამართებს მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.

ქოლცენტრების თემა ლევან ხაბეიშვილს უყვარდა. სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აქტიურობდა ამ საკითხით მედიაში. არქივი არაერთ ვიდეოს ინახავს, მათ შორის, ხაბეიშვილის მიერ გაჟღერებულ უმისამართო მისამართებსაც.

ხაბეიშვილი-ლილუაშვილის გარიგების "ნაციონალურ მოძრაობას" არ სჯერა. არგუმენტად მათი ყოფილი თავმჯდომარის წარსული აქტიურობა და აქტივობები მოჰყავთ. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება არც სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თავად არ დაესწრო და სათქმელი წერილით ადვოკატს გამოატანა.

იყო თუ არა რეიდები დადგმული ქოლცენტრების ცრუ მისამართებზე და რა კავშირი აქვთ ლილუაშვილ-ხაბეიშვილს? მმართველი გუნდი გამოძიების შედეგების მოლოდინშია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა დანაშაულს პაუსხს კანონი გასცემს. კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.

კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა. მთავრობის მეთაური, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის 2023 წლის განცხადებას იხსენებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც კორუფციასთან მიმართებით ეჭვები გაჩნდა, ხელისუფლებამ დანაშაულის აღმოფხვრის ზომები მიიღო.

საბავშვო ბაღების ტენდერები, ქრთამის აღება, ბიზნესის ლობირება და ქოლცენტრების მფარველობა - საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 4 ეპიზოდისგან შედგება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სუსის ყოფილ უფროსს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა მოუწევს.