რა გზით დატოვა ძებნილი მელაძის მეუღლემ საქართველო - „პრაიმტაიმის“ ექსკლუზივი

მელაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა.

ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.

ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

„პრაიმტაიმი“ ვაჟა მელაძის ადვოკატს ზვიად გადელიას ესაუბრა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ლელა ქვილითაიას თურქეთში გადასვლაში თავადვე დაეხმარა. 

„ლელა ქვილითაია პირადად მე გადავიყვანე თურქეთში საზღვარზე, რადგან მის მიმართ უკანონოდ მიმდინარეობდა დევნა. თბილისის აეროპორტში გააჩერეს, საბერძნეთში მიდიოდა. მივმართე ყველა სტრუქტურას არანაირი რეაგირება არ იყო. შემდეგ მომივიდა პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისგან, რომ არანაირი შეზღუდვა მასზე რეგისტრირებული არ იყო...

მივმართე სახალხო დამცველის სამსახურს, ევა ყაჟაშვილს აქვს წარმოებაში საქმე. მან მითხრა, რომ ბაზებით არ დასტურდებოდა, რომ ლელა ქვილითაია გამოაბრუნეს. ხოლო, მაშინ როდესაც 16 სექტემბერს, როცა მე გადავიყვანე ლელა ქვილითაია საზღვარზე, მესაზღვრემ ჩვეულებრივ ამოაგდო, რომ არა მარტო 30 ივნისს, 24 ივნისსაც, რომ არ გაატარეს სარფში ორივე ჩვეულებრივ ბაზაში არის. ანუ არის რაღაც ბაზა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ვერ ნახულობს, ანუ არაოფიციალური ძებნა მიდიოდა. ოფიციალურად შეზღუდვა არ იყო რეგისტრირებული, ამიტომ გვერდი ავუქციეთ ამას, ცენტრალური პუნქტების ნაცვლად გადავედით სხვა პუნქტიდან, სადაც "ლევ" ბაზაში აღმოაჩინეს, რომ იყო რაღაც შეზღუდვები, მაგრამ რადგან მის გვერდით სხვა მამაკაცი იყო და ბავშვთან ერთად გადამყავდა, იფიქრეს, რომ ოჯახურ ძალადობასთან ჰქონდათ საქმე და გაგვატარეს“, - ამბობს ადვოკატი ზვიად გადელია.