რა გაირკვა ექსპერტიზის ბიუროში თერაპევტის სახლიდან გადატანილი გახრწნილი ხორცის წარმომავლობაზე

სანზონა

უკვე მეორე დღეა, აქტიურად განიხილავენ სანზონაში, ერთ ჩვეულებრივ ბინაში მომხდარ ამბავს.

სანზონაში ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სადარბაზოში უსიამოვნო სუნი დადგა. კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლის მეპატრონე სახლში არ უშვებდა, მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა კანიბალიზმის შემთხვევას ჰქონდეს ადგილი.

პოლიციამ ბინა დალუქა, გახრწნილი ხორცი კი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაიტანეს.

„პრაიმთაიმი“ ბოლო ინფორმაციის გასაგებად ექსპერტიზის ეროვნულს დაუკავშირდა.

„დაინიშნა ექსპერტიზა და მიმდინარეობს კვლევა. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ექსპერტიზის პასუხი როდის იქნება ეს დამოკიდებულია იმ კითხვარზე, რომელსაც გამოძიება მოგვაწოდებს“, - გვითხრეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანზონაში ექიმ-თერაპევტის ბინიდან გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.