პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს

პიტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს.

მადიარმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეეცდება გამოიყენოს ყველა არსებული სამართლებრივი ბერკეტი უნგრეთის სახელმწიფოს მეთაურის - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოკავშირის - თანამდებობიდან გადასაყენებლად და მისი წასვლის იძულებით მისაღწევად ქვეყნის ძირითად კანონსაც კი შეცვლის.

„ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ საჭირო კანონმდებლობა და დიახ, საუბარი იქნება ყველა მარიონეტის ჩამოშორებაზე“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის გადადგომა აპრილში, საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებისთანავე მოითხოვა. შუიოკი პრეზიდენტის პოსტზე 2024 წელს დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, კატალინ ნოვაკი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სკანდალში ფიგურირების გამო თანამდებობიდან გადადგა.