პროკურატურის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული მოწყობის არსებული სისტემა პროკურორებს უფლებამოსილების დამოუკიდებლად აღსასრულებლად ყველა საჭირო სამართლებრივ გარანტიას აძლევს - გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი

პროკურატურის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული მოწყობის არსებული სისტემა, გენერალურ პროკურორს და მასზე დაქვემდებარებულ პროკურორებს ყველა საჭირო სამართლებრივ გარანტიას აძლევს, საპროკურორო უფლებამოსილება დამოუკიდებლად აღასრულონ, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

გენერალური პროკურორის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის თქმით, აღნიშნული მოიცავს როგორც პროცესუალურ გარანტიებს, ასევე წახალისების, დაწინაურების, როტაციის, დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების და პროკურატურის თანამშრომელთა შეფასების გამჭვირვალე სისტემას, აღნიშნული მიმართულებების გასაძლიერებლად კი ბოლო წლებში ხელშესახები პროგრესია მიღწეული.

გიორგი გაბიტაშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა პროკურატურის საქმიანობის ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის ახალი კადრების მოზიდვისა და მათი ხელშეწყობის კუთხით, სტაჟიორობიდან პროკურორობამდე.

“პრობლემურ და დროში გაჭიანურებადი კატეგორიის საქმეებზე რეაგირების გასაზრდელად უნდა გაუმჯობესდეს საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიანობა. ასევე, უნდა გააქტიურდეს პროკურორებსა და ზემდგომ თანამდებობის პირებს შორის ინფორმაციის უშუალო გაცვლის და გამოცდილების გაზიარების პროცესი” - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

საპროკურორო საბჭო ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრებას მართავს. გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.