1732386875
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ მორიგ დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობას.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულია ღია, ელექტრონული ტენდერი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის შესყიდვის განხორციელება იგეგმება. საოფისე ავეჯის შესყიდვის საჭიროება საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის, საჩხერის, სენაკის და ფოთის რაიონული პროკურატურების შენობებში მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად სამუშაო გარემოს შექმნის და მათ შორის, 2005-2006 წლებში შეძენილი მწყობრიდან გამოსული ძველი, დაზიანებული ავეჯის ჩანაცვლების აუცილებლობამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების პროცესში საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციულ შენობებში, გაეროს ბავშვთა დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის მიხედვით, ეტაპობრივად ხორციელდება არასრულწლოვანთა ოთახების მოწყობა. ბავშვზე მორგებული სივრცეები არსებული რეკომენდაციებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა მოეწყოს და აღიჭურვოს სხვადასხვა სახის საშუალებებით, მათ შორის - ინვენტარით, მოწყობილობებით და ავეჯით, რაც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ასევე, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ეწყობა ახალი სამუშაო და მოქალაქეებთან შეხვედრების სივრცეები, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯით აღჭურვას. მათ შორის დაგეგმილია უწყების 101 თანამშრომლისთვის განკუთვნილი ძველი, მწყობრიდან გამოსული ავეჯის ჩანაცვლება სამუშაო სივრცისთვის განსაზღვრული საოფისე ავეჯით.
რაც შეეხება შესყიდვის ღირებულებას, განისაზღვრა ბაზრის კვლევის შედეგად. ამასთან, ოფისების აღჭურვისთვის არ განიხილება არავითარი ძვირად ღირებული ავეჯი, გათვალისწინებულია მინიმალური სტანდარტები და ღია გამოცხადებულ ტენდერში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა.
მოვუწოდებთ აღნიშნულ მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს",- ნათქვამია განცხადებაში.