„პოლიციელის დანახვაზე ნარკოტიკი პირში ჩაიდო..." - თვითმხილველი წყნეთში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ჰყვება

წყნეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, თვითმხილველი „კურიერთან“ აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც პოლიცია ადგილზე ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით იყო მისული, ახალგაზრდა კაცმა ნარკოტიკული საშუალება პირში ჩაიდო, რომ პოლიციას არ დაენახა.

თვითმხილველის თქმითვე, მას სამართალდამცველმა შემოწმება დაუწყო, რა დროსაც იარაღი გაუვარდა. მისივე თქმით, თავად გარდაცვლილს იარაღი არ ჰქონია.

სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი დეტექტივია დაკავებული.

შემთხვევა ღამით წყნეთში მოხდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დეტექტივს დაკავების ღონისძიებისას სამსახურებრივი იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა. ის ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, დაკავების ღონისძიებას ატარებდა. საპატრულო და კრიმინალური პოლიცია შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულ დეტექტივს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.