ნიკო კვარაცხელიას საქმეზე „მაგთიდან“ გამოთხოვილ მტკიცებულებებს განიხილავენ - რა მოლოდინი აქვს ოჯახს დღევანდელი პროცესისგან

niko kvaracxelia

საქალაქო სასამართლო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვას განაგრძობს. პროცესი 14 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება - სხდომაზე კომპანია "მაგთიდან" გამოთხოვილ ინფორმაციას, რომელიც პროკურატურის მტკიცებით დასტურდება, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინეს.

საქმეზე დაკავებულია ორი ადამიანი - აკო ჭელიძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ჯგუფურად მოქმედებას და მკვლელობის დაკვეთას უარყოფს; გიორგი კავილაძე კი, საკუთარ დანაშაულად მხოლოდ იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ აცნობა.

აკო ჭელიძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უკავშირდება ბრალის იმ ნაწილს, რაშიც აკო ჭელიძე თავს დამნაშავედ ცნობს, ამიტომ, მისი შეფასებით, ეს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული, რადგან ამ ნაწილში სადაო არაფერია.

„ჩვენებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ, სასამართლო სხდომაზე გააკეთებს განცხადებას ან მისცემს ჩვენებას. ბრალის აღიარებულ ნაწილზე დავა დაუშვებლად მიმაჩნია - თუ აღიარებ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ნაწილში აღარ დავობ. ჯგუფურ ნაწილში ბუნებრივია, ვაგრძელებთ დავას, დღეს საქმეში არსებული მასალები ვერ პასუხობს იმ ნაწილს, კერძოდ, ჯგუფურ ნაწილს,"-აცხადებს ადვოკატი.

ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი კი იმედოვნებს, რომ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

„ჩვენი მოლოდინი არის ერთადერთი - რომ წარდგენილ ბრალდებაში მოხდება ორივე პირის მსჯავრდება. თანააღმსრულებლობით ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, ეს უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ჩვენი მოლოდინი სხვა ვერც იქნება და არც შეიძლება იყოს. თუმცა, ამასთან, ჩვენი მოლოდინია, აღიარონ ეს დანაშაული, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, დაასახელონ ყველა ის პირი, რომელსაც რაიმე ფორმით შემხებლობა აქვს აღნიშნულ დანაშაულთან და, რაც ყველაზე მთავარია, დამხმარეები, ორგანიზატორები და ის პირები, ვინც ეს უმძიმესი დანაშაული დაუკვეთეს,"-აცხადებს ადვოკატი.