ნიკო კვარაცხელიას დედა ამბობს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი შვილის მკვლელობა

ნიკა კვარაცხელია

ეჭვს გამოვთქვამ, რომ მკვლელობა ნიკოს საქმიანობას უკავშირდება, ოჯახს მტრები არ ჰყოლია, - ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

მისივე თქმით, მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს გაგარინის მოედანზე ნაქირავებ ბინაში მკვლელობის დამკვეთები ელოდებოდნენ.

„აუცილებლად დაისჯება მკვლელი კავილაძე და მკვლელი ჭელიძე მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ, გადარჩნენ თქვენი სხვა თანატოლები და ჩვენი ქვეყანა შედგეს. დღეს, დემაგოგმა უფლებადამცველებმა ძალიან ბევრი ტყუილი ილაპარაკეს. გამახსენდა სტუდენტობა, როდესაც ლექტორი თავისთვის ჰყვებოდა და ჩვენ ვიჯექით. არავის არაფერი მოუსმენია. უფლებადამცველი ზაზა დათუკიშვილი ძალიან ბევრ ტყუილს ამბობდა. ორივე მკვლელია, მათ ჰყავთ დამკვეთები და თანამზრახველები. მთელმა საქართველომ იცის, რომ მათ ჰყავთ დამკვეთები, ეს ფიგურირებს გამოყოფილ საქმეში და ეს გამოყოფილი საქმე, მეორე ნაწილი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

მაშინ, როდესაც ნიკო ჯერ სახლში გვყავდა და ჩვენთვის ურთულესი დღეები იყო, მათ ეშინოდათ, რაიმე შურისძიება არ ყოფილიყო. ჩვენ ვართ ქრისტიანები, მე და ჩემი მეუღლე კიდევ ოთხ შვილს ვზრდით და არასდროს მოგვივა ტვინში ვინმეზე შური ვიძიოთ ან მსგავსად მოვიქცეთ. ისე, როგორც კავილაძის დედა ზრდის შვილს, ისე არასდროს მოვიქცევი. კავილაძის აღიარება გაგვაგებინეს - გაგარინის მოედანზე დამკვეთები ელოდებოდნენ, რომ წასულიყვნენ ზუსტად არ ვიცი სად, მაგრამ ალბათ, საბჭოეთის რომელიმე ქვეყანაში“, - განაცხადა იზა ომაძემ.