ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი

ნიკა გვარამია

კოალიცია „ცვლილებებისთვის“  ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც ოფისის ჩხრეკის დროს დააკავეს, თბილისიდან მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, მისი ადვოკატები კი დიღმის მთავარ სამმართველოში მივიდნენ, რადგან ოპოზიციის ლიდერი სწორედ იქ ეგონათ.

ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი - ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ისაუბრა.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, მან ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან მიიღო და სწორედ ამის შემდეგ, ადვოკატმა გადაწყვიტა, რომ მარნეულში წასულიყო.

როგორც ცნობილია, ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება მასა და სამართალდამცველს შორის. ნიკა გვარამიამ სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ მას შემდეგ მოხდა გვარამიას დაკავება.

„სახალხო დამცველის აპარატისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის იმყოფებოდა მარნეულის დაკავების იზოლატორში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ოჯახის წევრებს ელემენტარული ინფორმაცია არა აქვთ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა გახდა ცნობილი ჩვენთვის [ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელი], ოღონდ ეს არ გამხდარა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მათ ოფიციალურად ამ დრომდე არ უთქვამთ სად ჰყავთ ნიკა გვარამია", - განაცხადა გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.