ნაკვეთი ლისზე, წილი ბიზნესში, ძვირად ღირებული ბინები - კიდევ რა ქონებას ფლობდა 72 წლის ბებია, რომლის მოშორებასაც შვილიშვილი გეგმავდა

სქრინი

ახალი დეტალები ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეში - "კურიერმა" დაადგინა დაზარალებულის ვინაობა. ქალი, რომლის მკვლელობაც გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილმა დაუკვეთა, "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66 პროცენტიანი წილის მფლობელი ვალენტინა საყვარელიძეა.
 
პირველი კომენტარი დღეს "კურიერთან" დაკავებულის ადვოკატმა გააკეთა. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.
 
ჭავჭავაძის გამზირი ის ადგილია, სადაც 26 წლის მამაკაცი ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით დააკავეს. ჭავჭავაძის 75-ში ცხოვრობს თავად ბებიაც, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაქირავებულ პირს 150 ათას დოლარს დაჰპირდა. მეზობლები დაკავების ფაქტის თვითმხილველები არიან.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ანგარებაა. ამაზე მიანიშნებს ვალენტინა საყვარელიძის ქონებრივი მდგომარეობაც. 72 წლის ქალი "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის» რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66 %-იან წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე. "კურიერის" ინფორმაციით, სვეტლანა საყვარელიძემ ცოტა ხნის წინ გაასხვისა ძვირად ღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, შვილიშვილმა პოტენციური მკვლელი ბებიის საცხოვრებელ მისამართზე თავად მიიყვანა.