„მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1470170 ლარსა და 6600 აშშ დოლარს“ - ქვემო ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა

პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს შეუთანხმდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდდნენ. შეთანხმების თანახმად, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა თანასოფლელებს შორის უნდა განაწილებულიყო.

ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია განახორციელეს, თუმცა შეთანხმებული პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს.

პოლიციამ ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕