პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფემიციდის საქმეზე დაკავებულმა 22 წლის მამაკაცმა, რომელსაც თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა.
თორნიკე გამხვეტელაშვილი აღიარებს და ამავდროულად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ასევე ამბობს, რომ მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია და ამბობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებდა.
„მკვლელობას გამართლება არ აქვს. არც არაფერს ვითხოვ, ან რა უნდა ვთქვა. სასამართლოდან წასვლის შემდეგ რაც გამათავისუფლეს მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღისითაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ ჩვენი დაშორების დავლიოთო, მეთქი კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე, იმიტომ, რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყო-თქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.
სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე, დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალთქო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი იმასაც ვნანობ. ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით“, - ამბობს თორნიკე გამხვეტელაშვილი.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.