მიხეილ სააკაშვილს „ვივა მედიში“ სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ

სააკაშვილი

რუსთავის ციხიდან „ვივა მედიში“ მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტისთვის სამოქალაქო კლინიკაში სამედიცინო კვლევების ჩატარებას "პროგრამა მინიმუმს" უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში." პარტიაში კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნად კვლავ მისი უცხოეთში ტრანსპორტირება რჩება.

"ვითარება არის ძალიან ელემენტარული, ეს არის პროგრამა მინიმუმი, რათა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ იყოს გამოუსწორებლად დაზიანებული, მანამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ იქ, სადაც შესაძლებელია მისი მკურნალობა, უცხოეთში. ახლა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შუალედური პროცესი. აჯანჯლებს და კიდევ ერთხელ სამარცხვინოდ იქცევა ხელისუფლება," - განაცხადა  რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა დაცული იყოს და ჩატარებული კვლევების შედეგებმა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები აღარ უნდა დატოვოს.