1737285948
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანთელი აანთო და პატრიარქის მოწოდებას შეუერთდა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებისას სანთელი აანთო და განაცხადა, რომ პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვასთან დაკავშირებით უერთდება.
„გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმინდესობამ ყველას გვთხოვა, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, აი ამ ტერმინებით, მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მოგვიწოდა ყველას, დღეს 12:00-დან პირველ საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა, გთხოვოთ ყველას, ჩუმად, თქვენთვის შეგიძლიათ, ასევე ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს ეხება.