მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახურმა ის ჟურნალისტები გამოკითხა, რომლებიც აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ

გამოძიება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა იმ ჟურნალისტების გამოკითხვა, რომლებიც აღნიშნულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ.

ფარული მასალა თავდაპირველად გია გაჩეჩილაძემ საკუთარ გადაცემაში გაასაჯაროვა, ჩანაწერში "მთავარი არხის" ჟურნალისტების საუბარი ისმის.

აუდიო ფაილში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გვარიც. ირკვევა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, გოგაშვილმა სუს-ის ფარული მასალები ჟურნალისტებს გადასცა, რომელიც შემდეგ, გია გაჩეჩილაძის მტკიცებით, მედიაში დამახინჯებული სახით გავრცელდა.

"გამოძიების ძირითადი მიმართულებაა, რომ გამოიძიონ როგორ მოხდა ამ ჩანაწერის გაკეთება. შესაბამისად კითხვებიც არის, სად მოხდა, სად ვიყავით, როგორ ვისხედით. აინტერესებდათ სიუჟეტი რაზე კეთდებოდა, რა მასალებს განვიხილავდით, თუმცა მე როგორც ვთქვი, ზედმეტ დეტალებში თვითონ არ შევედი," - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ.