პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ როგორც მასპინძელი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე გლობალურ კონფერენციაზე. მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას, რომ საქართველო მეორედ, ამჯერად უფრო ამბიციური პროექტისთვის აირჩია - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის გახსნაზე.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, ღონისძიება თავდაპირველად თბილისში 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო მისი ჩატარება გადაიდო. "დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ დიდი ტრადიციის გაცოცხლება თბილისში, ორწლიანი შესვენების შემდეგ" - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე.
„პანდემიამ არამარტო მართლმსაჯულების გამართულ ფუნქციონირებას შეუშალა ხელი, არამედ შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი მთელი რიგი დანაშაულების განვითარებისთვის - ამ კუთხით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერ დანაშაული, რომელმაც განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მკაცრი შეზღუდვების ფონზე“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა და განმარტა, რომ კიბერ დანაშაულის სწრაფი განვითარების ფენომენი არა მხოლოდ პანდემიას, არამედ კრიმინალური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას უკავშირდება.
ირაკლი შოთაძის თქმით, ბოლო ათწლეულების მანძილზე, მტკიცებულებების და დანაშაულის გაციფრულების მზარდმა ტენდენციამ სისხლის სამართალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, შესაბამისად, საქართველოში, ყველა სახის სისხლის სამართლის გამოძიებაზე ელეტრონული მტკიცებულებებია წარმოდგენილი.
გარდა ამისა, გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა როგორც გაციფრულების დადებით მხარეზე, ისე გამოწვევებზე, რომელიც ამ პროცესს ახლავს. კერძოდ, გენერალური პროკურორის თქმით, იმ ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც საგამოძიებო ორგანოს იურისდიქციის მიღმა იმყოფება, გართულებულია და ამ კუთხით, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირება ელექტრონულ მტკიცებულებებზე წვდომასთან დაკავშირებით.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს, რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, მით უმეტეს, რომ ამ სესიაზე ერთ ერთ მომხსენებლად იმყოფება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენელი, რომელსაც ამ საქმეზე უკვე კონკრეტული ბრალდებულებიც ჰყავს“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა, ომის დანაშაულების საქმეზე ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ამ თემაზე საუბრისას, გენერალური პროკურორი უკრაინაში რუსეთს მიერ წარმოებულ ომსაც შეეხო.
ირაკლი შოთაძემ ისაუბრა ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში გასამართ სესიებზე და ვორქშოფებზე, სადაც პროკურორები ისაუბრებენ სხვადასხვა სახის გამოწვევებზე, მათ გადაჭრის გზებზე და მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
თბილისში მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, 60 ქვეყნის 300 პროკურორი, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს.