ლანჩხუთის „სამეფოში“ დაწყებული კონფლიქტი სამი ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა

lanchxutis klinika

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.პ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 მამაკაცს: 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, 1995 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.გ.-სა და 1981 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.პ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.