პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გვართან დაკავშირებულ გახმაურებული საქმის დეტალებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში იხსენებს და აღნიშნავს, რომ საქმე ეხებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან.
ქართველიშვილის ინფორმაციით, რომელიც უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიებას ეყრდნობა, 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას. პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე. ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა - სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით "ჩრდილში" იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.
„სანამ BBC ცდილობს კრიმინალს - კრიმინალი უწოდოს, არც მე დავიზარებ ჩვენი მეხსიერების "განახლებას" კეზერაშვილის გვართან დაკავშირებული ალბათ ყველაზე გახმაურებული და ჯერჯერობით სამწუხაროდ, მხოლოდ "საზოგადოებრივი გამოძიების" დეტალებით.
ეს ინფორმაცია მომაწოდეს უკრაინიდან ჯერ კიდევ 2009 წლის დასაწყისში, როდესაც ქვეყნის უმაღლეს რადაში დეპუტატმა კონოვალიუკმა შექმნა 7 კაციანი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდების კანონიერებისა და შესაძლო უკანონო გარიგებებში პრეზიდენტ იუშენკოს სავარაუდო მონაწილეობის საკითხები.
აღნიშნული კომისიის მუშაობის დასკვნები გადაეცა ქვეყნის მთავარ პროკურატურას, რომელიც ამ დასკვნებს არ დაეთანხმა და იარაღის გაყიდვის ოპერაციებში კრიმინალი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, უმაღლეს რადას ესტუმრა უკრაინის უშიშროების სამსახურის დელეგაცია, რომელმაც მოითხოვა კონოვალიუკის საგამოძიებო კომისიის გაუქმება, ვინაიდან თავის მუშაობაში ის შეეხო მთელ რიგ საკითხებს, რომლებსაც გრიფი "საიდუმლო" ედო.
ამის შემდეგ, აღნიშნული თემა მოხვდა უკრაინელი ჟურნალისტების თვალთახედვის არეში, რომლებმაც დაიწყეს თავისი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ასევე შეუჩერეს სერიოზული სახელმწიფო წნეხისა და მუქარის ფონზე. თუმცა უკრაინელი ჟურნალისტების ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ მაშინ ნაწილობრივ გამიზიარეს. ის ეხებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს და პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან. უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებში, რომლის სანდოობაში მე არანაირი ეჭვი არ შემაქვს - მე შევეცადე დამემატებინა ზოგიერთი მნიშვნელოვანი შტრიხი, რომელიც პირადად ჩემთვის არის ცნობილი კონკრეტულ მოწმეთა ბაზის ჩათვლით.
უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებით, 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას (პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე). უკრაინულ მხარეს ამ პროგრამის განხორციელებაში წარმოადგენდა იუშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი, „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული, СБУ-ს პოდპოლკოვნიკი, „ჩვენი უკრაინის“ პარტიიდან რადას სახალხო დეპუტატი - სერგეი ბონდარჩუკი.
სწორედ მისი უშუალო პატრონაჟით, 2005-2008 წ.წ. უკრაინის ტერიტორიაზე გახსნილი იქნა 180-მდე მაღარო, სადაც დაკონსერვირებული იყო ძირითადად ვადაგასული და გამოყენებისათვის უვარგისი, საბჭოთა წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღება: ცეცხლსასროლი (მათ შორის მსხვილკალიბრიანი) იარაღი, „გრადები“, ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. საქართველოს მხრიდან ამ პროგრამაზე პასუხისმგებელი პირის, თემურ ალასანიას მითითებით, 2006 წელს ამ სქემების განხორციელებას მოაშორეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც არ დაივიწყა ეს პირადი წყენა და 2007 წლის სექტემბერში, „იმედის“ ღამის გადაცემაში, ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში ამხილა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები იარაღის უკანონო ვაჭრობაში - რის შემდეგ იგი დააპატიმრეს კიდეც.
უკრაინელების ინფორმაციით, ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა. მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო დონორების მხრიდან მიღებული თანხებიდან - მილიარდ 200 მილიონი დოლარი უკრაინული სამხედრო ჯართის შესყიდვებზე დაიხარჯა. ტექნიკურ ფინანსურ მხარეს უკრაინული მხრიდან უზრუნველყოფდნენ ვინმე ციბულიაკი და ელმანდიევი, ხოლო ქართული მხრიდან - მამუკა მუჯირი. 2005 – 2008 წ.წ. ამ არხებით მიღებულ იარაღზე გაკეთებულმა შიდა ტექნიკურმა აუდიტმა დაადასტურა, რომ მისი მთლიანი ოდენობიდან 90 პროცენტი არაკონდიციურ მდგომარეობაში იყო.
აქედან გამომდინარე, გაჩნდა დანარჩენი, ვარგისი 10 %-ის გაყიდვის საჭიროება. უკრაინული მხარის წარმომადგენელმა ციბულიაკმა და თემურ ალასანიამ ამ მისიის შესასრულებლად შეარჩიეს იარაღის უკანონო ვაჭრობის ბაზარზე ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კანდიდატი, ოდესის მკვიდრი ლეონიდ მინინი, რომელიც იმ მომენტისთვის ისრაელში ცხოვრობდა და აშშ/ევროპის მიმართულება მისთვის სამუდამოდ ჩაკეტილი იყო. ეს ის ლეონიდ მინინია, რომელიც თავის არანაკლებ ცნობილ „კოლეგასთან“ ვიქტორ ბუტთან ერთად ჰოლივუდური გახმაურებული ფილმის „იარაღის ბარონის“ მთავარი გმირის (ნიქოლას ქეიჯის შესრულებით) პროტოტიპებს წარმოადგენდნენ.
სწორედ ლეონიდ მინინის რეკომენდაციით, ბათუმის აეროპორტის ბაზაზე დარეგისტრირდა კერძო ავიაგადაზიდვების კომპანია (ხელმძღვანელი - ნოდარ კაკაბაძე), რომელიც უკრაინული სატვირთო ბორტ „ილ-76“-ით ახორციელებდა კონდიციური იარაღის მიწოდებას აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ცხელ წერტილებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავიც და ეკიპაჟიც უკრაინული იყო, ფრენებს ახორციელებდნენ ქართული დროშით.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა - სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. მან ძმებ ახალაიებს დაავალა კიდეც, რომ შესაბამისი მოჩვენებითი "სანქციები" განეხორციელებინათ ნოდარ კაკაბაძის ფირმასთან მიმართებაში. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით "ჩრდილში" იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.
ამავე პერიოდში გასკდა საქმე უკრაინაშიც. „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რის გამოც სერგეი ბონდარჩუკი იძულებული იქნა გაქცეულიყო დიდ ბრიტანეთში, სადაც 2018 წელს დავით კეზერაშვილის კავშირების დახმარებით, შეძლო პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება და დღემდე იმყოფება ლონდონში ამ იპოსტასში.
სერგეი ბონდარჩუკის ბოლო ოპერაცია, პროგრამა „გრიფ პრეზიდენტის“ ფარგლებში, ფინანსურადაც წარუმატებელი აღმოჩნდა - 2009 წელს ქ. ნიკოლაევის პორტიდან (სამხედრო ნავსადგური ოჩაკოვი) ტანზანიის მიმართულებით, 200 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკითა და სათადარიგო ნაწილებით დატვირთული სატვირთო გემი „ფაინა“ სომალიელი მეკობრეების ხელში ჩავარდა.
გაცილებით იღბლიანი გამოდგა ლეონიდ მინინის შემდგომი ბედი - მადლიერების ნიშნად, თემურ ალასანიამ და მიხეილ სააკაშვილმა დართეს მას უფლება, საქართველოში განეხორციელებინა თავისი შავი ფულის გათეთრების ოპერაციები. ამ მიზნით მას თბილისის მახლობლად (თელეთში) სიმბოლურ თანხებში 32 ჰექტარი მიწა გადაეცა, მიეცა უფლება მსხვილი საწარმოო კომპლექსები აეშენებინა, ზოგადი პატრონაჟი მასზე დაეკისრა ვანო მერაბიშვილს, ხოლო ფინანსური წილი (5%-ის ოდენობით) ლეონიდ მინინის ბიზნეს/პროექტებში ვინმე ანდრო აბელოვზე გაფორმდა, რომლის უკან რეალურად გია ყარამანიშვილი იდგა, იმ მომენტისთვის „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ უკანონო მფლობელი.
თუმცა სამართლიანობა ითხოვს, რომ აღვნიშნოთ - ლეონიდ მინინი, თავისი ბინძური ბექგრაუნდით და უბინძურესი პიროვნული თვისებებით (ბოლო-ბოლო მანიაკალური სექსუალური მიდრეკილებების მქონე ბისექსუალი იყო), გია ყარამანიშვილის „მორალისთვისაც“ იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მან 2011 წლის თებერვალში თავისი კუთვნილი 5% გაყიდა სოლიდურ თანხად და მინინს განეშორა. 2008 – 2015 წ.წ. ლეონიდ მინინის ცხოვრება თითქმის თანაბრად იყო განაწილებული ისრაელსა და საქართველოს შორის. პირადად ჩემთვის მისი თბილისური ცხოვრების კვალი ქრება 2016 წლიდან, თუმცა ეს სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დღესაც საქართველოში არ იმყოფებოდეს.
თუ ზემოაღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების ნარატივი ნაწილობრივ მაინც მოიცავს სიმართლეს, გამოდის რომ მათ შორის სწორედ ამ კოპლექსურ სიბინძურეს შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 2008 წელს. გამოდის, რომ ამას შეეწირა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისმხმევაც - სამშვიდობო ხიდი გაებათ თბილისთან სოხუმსა და ცხინვალიდან. გამოდის, რომ ამას შეეწირა მტრის ზურგში საზარბაზნე ხორცად მიტოვებული ჩვენი გენოფონდის განადგურება. რომ სწორედ ამას შეეწირა ათობით ათასობით ახალი იძულებით გადაადგილებული პირი. შეეწირა იმისთვის - რომ ჯართში გადახდილ მილიარდ 200 მილიონ დოლარს რუსეთთან ომით ჩამოწერა სჭირდებოდა. და თანხის სოლიდური რაოდენობიდან გამომდინარე - მსხვერპლის ოდენობაც სოლიდური უნდა ყოფილიყო, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობაც და ომით გამოწვეული სხვა დანაკარგის მასშტაბიც.
ამ „ტექნიკური მხარის“ დასარეგულირებლად, რუს გენერლების ჩობანის და ბორისოვის მძღოლების ფუნქციას ასრულებდნენ სააკაშვილის გუბერნატორები - ხოლო სამხედრო კომისარიატებთან იბარებდნენ პატარა ბიჭების სულ უფრო დიდ ნაკადებს, რათა მათი სისხლით გადაეფარათ, კოდექსიდან მათ მიერვე ამოღებული „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პასუხგასაცემი თემა - რომელიც უკვე უნდა გასცდეს ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.