1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, საქართველოში შესაძლებელია სააკაშვილის დიაგნოზის შესაბამისი ყველა სამედიცინო პროცედურის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნას, ბრეგაძის თქმით, ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.
„მას (სააკაშვილს) უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება, რომელსაც საჭიროებს. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მას ჩაუტარდებოდა გამოკვლევები, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებდა შესაბამის მკურნალობას. საქართველოში შესაძლებელია ყველა იმ დიაგნოზთან დაკავშირებით მკურნალობა, რომელიც მას აქვს. დანარჩენი ყველაფერი, ეს საზღვარგარეთ გაყვანა, არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანის ჯანრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმრის. ჩვენ ვმოქმედებთ მისი ჯანრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ოპოზიცია, ბუნებრივია, მოქმედებს თავის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.
მსჯავრდებული, პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც შეეხება ნებისმიერი მიზნით ქვეყნის ფარგლების დატოვებას, ამ შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს ან გადავადებული, ან პირი სასჯელისგან უნდა იყოს თავისუფალი და ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.