„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
დღეს სასამართლოში საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.ჯიშკარიანმა პროცესზე დეტალურად გაიხსენა შემთხვევის დღე.
როგორც ჯიშკარიანმა განმარტა, შემთხვევის დღეს ის ოფისში თამთა თოდაძესთან და მეგობრებთან ერთად სვამდა. ბრალდებულმა მოსამართლესთან ასევე გამოხატა წუხილი, რომ მის ჩვენებას მეუღლე არ ესწრებოდა.
„30 სექტემბერი მახსოვს და რა დამავიწყებს, ოფისში დაახლოებით, 12 საათისკენ მივედი, სადაც დამხვდა თოდაძე. სასურსათო მაღაზიაა იქვე, რომლითაც ვსარგებლობდი, 1 ბოთლი კონიაკი, შავი პური, ძეხვი ვიყიდე, ესენი სამზარეულოში დავდე, დაბარებული მყავდა მოქალაქეები, რამდენიმე მათგანი მოვიდა, ვისაუბრეთ, რაც ჩემი მოვალეობა იყო, შევასრულე. მოქალაქეების გასტუმრების შემდეგ, გაკეთებული იყო ბუტერბროდები, კონიაკიც იქვე იდგა, თამთამ მკითხა, ბატონო ილია, დალევთ კონიაკსო? არა, მანქანით ვარ-მეთქი, თან მეუღლესთან შეთანხმებით შვილიშვილი უნდა წაგვეყვანა, სიცხე ჰქონდა. ეს კონიაკი გაიხსნა, დაისხა, მეც დამისხა, მივუჭახუნეთ, მახსოვს, მამუკა გოქსაძე შემოვიდა. ეს მეორე მაგიდაზე გადავიტანოთ-მეთქი, ვუთხარი, რომ თეფშები კიდევ დაემატებინა, ვინაიდან მეგობრებს ველოდებოდი და ამიტომაც ვიყიდე ეს კონიაკი. ჩემთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი, მამუკამ შემოიტანა ერთი სკამი, თამთაც და მამუკაც დასხდნენ. ამასობაში ჩემი კიდევ ერთი მეგობარი მოვიდა, ვის გამოც მქონდა ეს ყველაფერი გამიზნული.
შეიძლება 2 ჭიქა, შეიძლება, 3 ჭიქა დავლიე, ყველა სხვადასხვა ზომის ჭიქებით ვსვამდი. სუფრა თოდაძემ გაშალა. რადგან ყველა ავტომანქანით ვიყავით, პატარა ჭიქებით ვსვამდით მე და ჩემი მეგობრები, ყავის, თუ ჩაის ცოტა მოდიდო ჭიქით სვამდა თამთა. მას ხშირად ახასიათებდა ბევრი საუბარი, ხანდახან გადამეტებულიც. სუფრასთან სვამდა. ნახევარი ლიტრიდან დაახლოებით, 300-350 გრამს დალევდა.
მეგობარმა მას წაყვანა შესთავაზა, მაგრამ არ წაყვა. მეგობრების წასვლის შემდეგ, ჩემ მაგიდასთან ვიყავი, თამთა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვიდა და თავის ადგილას დაჯდა, ფანჯარასთან, რომელიც ღია იყო. ვუთხარი, გაყოლოდი ბარემ-მეთქი, პირველივე სიტყვიდან ვიგრძენი, რომ ის დამოკიდებულება აღარ იყო, როგორიც სუფრაზე. თვენახევრის წინ რაღაც იყო, მეგონა მეტყოდა - მაპატიე და ა.შ, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა, არეული სახე ჰქონდა.
რას მიპირებ ახლა მე, რა უნდა გამიკეთო, რაში უნდა დამეხმაროო, მკითხა თოდაძემ. თამთა, რაც შემიძლია, ყველაფერში დაგეხმარე, მეტი არ შემიძლია-მეთქი. ისეთი სიტყვების კორიანტელი წამოვიდა, შემზარა - მატყუარა, არაკაცი, გაიძვერა ხარო. ვუთხარი, ახლავე დატოვებ ოფისს და გახვალ-მეთქი. ამის თქმა იყო და წამოდგა, პრინტერი გადმოაგდო, მაგდებ, არაო? დაილეწა პრინტერი, მონიტორი, სახეზე რომ ვუყურებ, უკვე მგონია, რომ რაღაც ნიღაბი უკეთია. ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერაფერს აკონტროლებდა, გადმოგდებული პრინტერის სადენებს წამოდო ფეხი და გულის პირზე გაიშხლართა. მივედი, ავაყენე, დაწყნარდი-მეთქი, მაგრამ ხელებს იქნევდა, სახეში მირტყამდა, რამდენიმე სილა გამარტყა, სახეში „ლაწანი-ლუწინი“ მაქვს, მინდა ხელი დავუჭირო, ამის შემდეგ აგრესიული ფეხებს იქნევდა. ფეხები რამდენჯერმე დამარტყა, თავი დავიცავი, ჩემ გონებაში მაინც სხვაგან ვიყავი - რა ხდება, რასთან გვაქვს ადგილი-მეთქი. ისევ სიტყვიერ ლანძღვა-გინებაზე გადავიდა. ჩვენი განშორება წამოყენების შემდეგ მოხდა, დამემუქრა - ვინ ვის გააგდებს, ნახავ შე გარეწაროო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.