„იატაკზე მაგდებდა და ჩემს სხეულზე ხტუნაობდა“ - შვილის მკვლელობაში ბრალდებული მოხუცის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ბრალდებული გორი

რამდენიმე კვირის წინ, გორის რაიონულმა სასამართლომ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ამბობს, საქმე შეიძლება ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მისივე თქმით, ბრალდებულს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს.

„დაინიშნება ყველა სახის ექსპერტიზა, რომელიც საჭიროა ასეთი საქმის დროს. მძიმე ფსიქოლოგიური ფონი აქვს. მას ფაქტობრივად, მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ეს პროცესზეც თქვა. აქედან გამომდინარე, დამდგარი შედეგი მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა ძალადობას, ზეწოლას, მას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდება არსებითი განხილვით წავალთ, თუ - ნაფიცების. ჩემი პოზიცია, ამ ეტაპზე ასეთია, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცეთ. თუმცა, ეს ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან შესათანხმებელია,“ - ამბობს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი „პრაიმთაიმთან“ საუბრისას. 

წინასასამართლო სხდომა 25 მარტს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, 47 წლის გოგიტა მეგრელიშვილს 82 წლის მამამ, ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ბრალდებულმა 2 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.