დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
11 წლის შემდეგ, კრიმინალური „ავტორიტეტის“ ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის ფიგურანტთა წრე ფართოვდება. 13 იანვარს მოსკოვის სასამართლომ დაპატიმრების სანქცია გასცა ნუგზარ პაპავაზე, რომელიც 2009 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნუგზარ პაპავასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ვინმე ასტამურ ბუთბას. ორივე მათგანზე ძებნა გამოცხადდა.
ვიაჩესლავ ივანკოვს კრიმინალურ წრეებში „იაპონჩიკის“ მეტსახელით იცნობდნენ. ის ქურდულ სამყაროში დიდი გავლენით სარგებლობდა.
ვიაჩესლავ ივანკოვი მოკლეს 2009 წლის 28 ივლისს, საღამოს, როდესაც ის ტოვებდა რესტორანს Thai Elephant, ხოროშევსკოეს გზატკეცილზე. მას სნაიპერული შაშხანიდან (SVD) ესროლეს. მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ორი პირი იხდის, თუმცა, როგორც ჩანს წლების შემდეგ ამ საქმეში კიდევ ახალი ფიგურანტები იკვეთებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველმა ნუგზარ პაპავამ ქილერები დანაშაულის იარაღით უზრუნველყო.
იაპონჩიკის მკვლელობის მთავარ მოტივად „კანონიერი ქურდის“, ილია სიმონიას (მახო) პირადი შურისძიება სახელდება. მათ შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც ორივე იხდიდა სასჯელს ირკუტსკის კოლონიაში.
აღსანიშნავია, რომ ნუგზარ პაპავა ფიგურირებს 2019 წელს აფხაზეთში ბიზნესმენ ომარ მირცხულავას გატაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის საქმეში. სოხუმის ე.წ. სამართალდამცველებმა მაშინ პაპავა სხვა ორ პირთან ერთად დააკავეს კიდეც, თუმცა მოულოდნელად მის მიმართ სისხლის სამრთლებრივი დევნა შეწყდა.
მოგვიანებით, ე.წ. აფხაზეთის პროკურატურამ ნუგზარ პაპავას ბრალი კვლავ წარუდგინა. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან სოხუმში ჩავიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ბიზნესმენის გატაცებაში მისი მონაწილეობა დაადასტურა.