„ჰყვება როგორ გაიტაცეს, როგორ ემუქრებოდნენ...“ - რა ხდება ცნობილი 24 წლის გოგოს გატაცების საქმეზე

გატაცება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებულმა გოგონამ პოლიციას საჩივრით მიმართა. გოგონას ბიძა, რომელიც თელავის პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება, ამბობს, რომ ოჯახს გადაწყვეტილი აქვს გამტაცებლებს პასუხი აგებინოს.

,,მამამ და დედამ ნახეს უკვე გოგო. ის ჰყვება როგორ მოიტაცეს, როგორ ემუქრებოდნენ პისტოლეტებით, ამ ყველაფერს ჰყვება და მან დაწერა განცხადება. ის სტუდენტია, უნივერსიტეტში სწავლობს, მას სხვა აღზრდა აქვს, ის თავის მომავალზე ფიქრობს. ეს ბიჭი არ უყვარს. ამის შემდეგ ის იქნება, რასაც კანონი ამბობს.

ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება მოიპარო ადამიანი, ადამიანია, ცხოველი ხომ არ არის. ასეთი დამოკიდებულება ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანის მიმართ, ასეთებმა უნდა მიიღონ და მიიღებენ კიდეც. ისინი მუდმივად იცვლიდნენ მისამართებს, ნაცნობებს, ნათესავებს“, - განაცხადა გოგონას ბიძამ.

სოფელ კაბლიდან გატაცებული 23 წლის ქალი, პოლიციამ გუშინ იპოვა და თელავის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს.

ახალგაზრდა ქალი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 28 ივლისს, ოთხმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით გაიტაცა. 

გოგონას საპოვნელად და გამტაცებლების დასაკავებლად, სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებს პოლიცია მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.