"გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო... ჩემთვის ვიდექი წყნარად..." - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს პასუხობს

ბასილაშვილი-დოროყაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობაზე, პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარადგინა ვიდეო ჩანაწერი,  სხდომას დისტანციურად ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო. 

ბასილაშვილის თქმით,  ვიდეოში არაფერი ჩანს.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს, დოროყაშვილის თქმით, კონფლიქტი მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო.

„რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე?! ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან, საერთოდ მომშორდი”, - ამბობს დოროყაშვილი ჩანაწერში.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, არაფერი დაუშავებია. მან სასამართლოზე წარმოდგენილ ვიდეოს სისულელე უწოდა, რომელშიც არაფერი ჩანს.

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.