გიული ალასანიას მიერ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, რამდენიმე უცხოური გამოცემა მიხეილ სააკაშვილზე სტატიებს აქვეყნებს

სააკაშვილი

გიული ალასანიას მიერ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, რამდენიმე უცხოური გამოცემა აქვეყნებს სტატიას ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე, ერთი და იმავე ფოტოთი და ერთი და იმავე სათაურით.

„ქართულმა ოპოზიციამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ განაცხადა“, - ასეთია სტატიების სათაური, რომელსაც Washington Post-ი, Independent-ი, Euronews-ი და ABC News-ი აქვეყნებენ.

გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ვებგვერდ Cision-ზე მაშინ გამოქვეყნდა მასალა, სათაურით „ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვალი ციხეში ყოფნის დროს აწამეს და მოწამლეს“.

სტატიის დასაწყისსა და ბოლოში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია მათ წარუდგინა კომპანია GlobalPoint International-მა გიული ალასანიასთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით.

გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.