1750402427
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული შოთა ქარუმიძე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში 30 000 დოლარის სანაცვლოდ დაეხმარა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული შოთა ქარუმიძე დაიკითხა.
როგორც ქარუმიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში 30 000 დოლარის სანაცვლოდ დაეხმარა.
„ვტაქსაობდი, ჩემი მეგობარი, დავით გელიაშვილი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მეხმარებოდა, მაძლევდა შეკვეთებს, თავის შეკვეთებს მიზიარებდა ხოლმე. ერთხელ მეგობარმა უთხრა, თუ ჰყავდა ისეთი ადამიანი, ვინც საყოფაცხოვრებო ნივთების გადაზიდვა-გადმოზიდვაში დაეხმარებოდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. როგორც მახსოვს, პირველად საბურავები მივიტანე, როცა მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის გაცნობა. ვისაუბრეთ, არაფერი ისეთი არ ყოფილა. შემდეგ წამოვედი და გიორგიმ დამირეკა. ისევ მივედი მისამართზე, რაღაცები უნდა წამომეღო საბურთალოზე, თუ შეიძლება, გამოგყვებიო. რა პრობლემაა, წამობრძანდით-მეთქი. მანქანისკენ რომ მივდიოდით, ვლაპარაკობდით. იმ პერიოდში ფინანსური პრობლემები მქონდა და ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ. გიორგი ბაჩიაშვილმა დახმარება შემომთავაზა, რაზეც თავიდან უარი განვაცხადე, თუ მასესხებ, თორემ ისე არ მინდა-მეთქი. ბოლოს მითხრა, თანხა დახმარებაში აიღე, რაღაც საქმე მინდა, შემოგთავაზოო. თუ შეგიძლია, პოლიტიკურად დევნილი ადამიანი საქართველოს საზღვარზე გადაიყვანოო. უფრო სწორად, ამ დროს არ უთქვამს, რომ პოლიტიკურად დევნილი იყო, მითხრა, თუ შეგიძლია, ადამიანი საზღვარზე გადაიყვანოო. ვკითხე, ვინ არის, კრიმინალური დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი-მეთქი. არა, კრიმინალი არ არის, არც ძებნაშია, უბრალოდ, პოლიტიკურად იდევნება და უნდა, ქვეყანა დატოვოსო ისე, რომ არავინ გაიგოს მისი გასვლის შესახებო. თანახმა თუ იქნები, თანხა რამდენი გენდომებაო. ვიფიქრე და 30 000 დოლარი ვუთხარი, 30 000 დოლარად გადავიყვან-მეთქი. კიდევ არ ვიყავით შეთანხმებული, მითხრა, კარგად მომეფიქრებინა ორი-სამი დღის განმავლობაში. მეორე დღესვე შევეხმიანეთ ერთმანეთს და დავთანხმდი, გადავიყვან-მეთქი. ამის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს, გადმომცა გუგლის ტელეფონი, რომელსაც კარტა არ სჭირდებოდა. მომცა თანხა მანქანის შესასყიდად. წავედი შევისყიდე ავტომობილი. ვლაპარაკობდით, რა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა. გავამზადეთ მანქანა, რაღაც-რაღაცები გავუკეთეთ, სათვალთვალო კამერა დავაყენეთ. 28 თებერვალს უკვე გადასული ვიყავი სომხეთის საზღვარზე, რომ მესიჯი გამომიგზავნა, თუ შეგიძლია, ისევ უკან გადმოხვიდეო. დავბრუნდი, მივიყვანე საბურთალოზე, King David-ი რომ არის, იმის მიმდებარე ტერიტორიაზე დავტოვე მანქანა და წამოვედი. შემდეგ ორში დამირეკა, იმავე ადგილიდან წაიყვანე მანქანა და ამოდი ნუცუბიძეზეო. მივედი, ავიყვანე მანქანა, დამხვდა გიორგი ბაჩიაშვილი. თავიდან არ ვიცოდი, გიორგი ბაჩიაშვილი თუ უნდა გადამეყვანა, სხვა მეგონა. მანქანაში რომ ჩაჯდა, ვკითხე, საით წავიდეთ-მეთქი, მე მოვდივარო და წავედით. მივედით სომხეთის საზღვართან, სოფელ სადახლოში გიორგი ბაჩიაშვილი გადავიდა, სამალავი იყო მოწყობილი საბარგულსა და „სიდენიის“ შუაში, განთავსდა იქ და გავიარე საქართველოს საზღვარზე. იქ მოხდა დათვალიერება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ნახეს გიორგი. ნეიტრალურ ზონაში როცა გავედით, გადმოვიდა გიორგი ბაჩიაშვილი. უკვე ოფიციალურად გაიარა სომხეთის საზღვარი. შემდეგ გავაგრძელეთ გზა, ჩავედით ერევანში და დავბრუნდი უკან“, – განაცხადა შოთა ქარუმიძემ.