გაამართლებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულ ირაკლი ბიბილეიშვილს - გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

სასამართლო

გაამართლებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულ ირაკლი ბიბილეიშვილს, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.

როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, მათ გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვთ. შეგახსენებთ, რომ ბრალდებული, გამოძიების მტკიცებით, ერთ-ერთია, ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს საკუთარ სახლში მალავდა, ამიტომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

"საქმეში არ არსებობს არა თუ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არამედ თუნდაც ირიბი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა ამ ფაქტის შესახებ იცოდა. დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოში უნდა ვთქვათ დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარის და არის მოლოდინი, რომ შესაძლებელია დღესვე იქნეს გამოტანილი განაჩენი. გამამართლებელ განაჩენს ველოდებით, ვინაიდან თვითონ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი ბიბილეიშვილი პირველივე დღიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ცხადდებოდა ნებაყოფლობით, არაერთხელ მივიდა, მისცა დეტალური ჩვენება," - ამბობს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.