Exclusive: ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული გერმანელი მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული გერმანელი მამაკაცის ვინაობა ცნობილია

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი გერმანიის მოქალაქის ვინაობა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 2025 წლის 12 ოქტომბერს თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს. 53 წლის მანუელ რაინე 18 ივნისიდან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მანუელ რაინე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე იმ თაღლითური ქოლ-ცენტრის წარმომადგენელი იყო, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დახურეს.

საუბარია “A.K. Group“-ის სახელით მოქმედ კომპანიაზე, რომლის არაერთი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება კომპანიის დამფუძნებელი აკაკი ქევხიშვილი, რომლის სრული ქონება გამოძიების მოთხოვნით დაყადაღდა. 

გავარკვიეთ, რომ გერმანიის მოქალაქე მანუელ რაინე ამ ქოლცენტრში დაზარალებული კლიენტების შენარჩუნების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და “მარსელ ვან დე ვიინ“-ის გამოგონილი სახელით სარგებლობდა. 

სატელეფონო კომუნიკაციის გზით ევროპის, აშშ-ს და კანადის მოქალაქეებს, თაღლითების დაჯგუფებამ მინიმუმ, 35 მილიონი დოლარი გამოსძალეს.

საქართველოში დაკავებული გერმანიის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ბავარიის მხარეში.

გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ბრალდებულის ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართეს.