1737285948
ე.წ. ქურდული გარჩევა და ფულის გამოძალვა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თბილისში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა. ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ვ.ჩ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა ა.ხ.-ის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები. სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.