პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თესალონიკის ნაფიცი მსაჯულების შერეულმა სააპელაციო სასამართლომ 43 წლის ბერძენი ქირურგი, დიმიტრის პელეკასი დამნაშავედ 36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ერთხმად ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში იგივე განაჩენი დატოვა.
რაც შეეხება ქართველი ქალის მკვლელობის საქმეს, 2017 წლის 26 აპრილს, თესალონიკში მცხოვრებმა 36 წლის ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის აგენტად მუშაობდა, თესალონიკის იპოკრატეოს კლინიკას ვარიკოზული ვენების მოსაშორებლად მიაკითხა.
საქმის მასალების თანახმად, ქირურგმა (რომელიც მაშინ 39 წლის იყო) კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და ორი ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა, რომლებიც პროცედურისთვის არ იყო აუცილებელი. როგორც ჩანს, სწორედ ამ საანესთეზიო პრეპარატებმა, რომლებიც შემდგომ სამედიცინო ექსპერტიზამ ქალის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით აღმოაჩინა, გამოიწვია სუნთქვის გაძნელება და აპნოე (სუნთქვის გაჩერება), რამაც საბოლოოდ პაციენტი იმსხვერპლა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ანგიოქირურგმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი მალულად თავის მანქანაში მოათავსა, ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე წაიღო და პალიურის რაიონში კლდიდან გადააგდო, რომელიც დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით, 150 კმ-ით მოშორებითაა. სწორედ იქ, მდინარის პირას, ტყეში, 9 დღის ძებნის შემდეგ ქალის გვამი იპოვეს.
იმის გამო, რომ ქირურგი იყო უკანასკნელი ადამიანი, ვისაც დიანა ბერიძე ესაუბრა, პოლიციისთვის ეჭვმიტანილი თავიდანვე იყო. ბრალდებული არა მარტო სატელეფონო ზარმა "დაასმინა", არამედ - GPS-მაც მობილურ ტელეფონზე, რომელზეც დაფიქსირებული იყო მის მიერ საკუთარი მანქანით გავლილი მთელი მარშრუტი თესალონიკიდან ქალკიდიკამდე.
ამას გარდა, ექიმის ავტომობილში გამომძიებლებმა დიანა ბერიძის ბიოლოგიური მასალაც აღმოაჩინეს.
ბრალდებული ქირურგი სხდომის დაწყებისას წარმოთქმული სიტყვით შეეცადა, ნაფიც მსაჯულებზე გავლენა განაჩენის შესამსუბუქებლად მოეხდინა:
"ეს იყო ტრაგიკული საექიმო შეცდომა, რასაც ძალიან ვნანობ. მისი მოკვლის განზრახვა არ მქონია", – განაცხადა მან.
ქირურგის ეს სიტყვები ნაფიცმა მსაჯულებმა შემამსუბუქებელ გარემოებად არ გაითვალისწინეს.
დიანა ბერიძეს გარდაცვალების შემდეგ თესალონიკში მეუღლე, სამი შვილი და დედა დარჩა.
ქალი საცხოვრებლად საბერძნეთში ტრაგიკულ შემთხვევამდე 6 წლით ადრე დედასთან და 2 შვილთან ერთად წავიდა, რომლებიც წინა ქორწინებიდან ჰყავდა.
კიდევ ერთი შვილი – გოგონა მას ბერძენ მეუღლესთან მეორე ქორწინებისას შეეძინა.
მეზობლების თქმით, მამინაცვალი გერებს ყოველთვის ისე თბილად და კარგად ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილებს.
თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლომ საავადმყოფოს მოკლული ქალის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 700 000 ევროს ოდენობის თანხის გადახდა "სულიერი ტანჯვის" საკომპენსაციოდ დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ დიანა ბერიძის ოჯახმა ქირურგისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის (სამუდამო პატიმრობა) გამოტანიდან რამდენიმე თვეში, 2018 ოქტომბერში თესალონიკის ჰიპოკრატეს სახელობის საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა და კომპენსაციის სახით 5 მლნ ევრო მოითხოვა.
მოსარჩელეები დიანა ბერიძის მეუღლე, შვილები და დედა იყვნენ.