„ეგონა დათვი შეხვდა და გაისროლა...“ - ქობულეთში კაცმა თანასოფლელი მოკლა

პოლიცია

ქობულეთში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია, იგი თავად ჩაბარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში - ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

„სათევზაოდ იყო წასული. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა, სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ გასცა. 43 წლის მამაკაცს ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა”, - განაცხადა სოფლის რწმუნებულმა, ნოდარ კახიძემ „ინტერნეტპრესნიუსთან“ საუბრისას. 

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.